"ნაციონალური მოძრაობა" ფარსად მიიჩნევს ცესკოს თავმჯდომარის არჩევნებს

თამარ ჟვანია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის(ცესკო) წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით კირთაძე მონაწილეობას არ მიიღებს ცესკოს დღევანდელ სხდომაში, რომელზეც კენჭი უნდა უყარონ კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებს. კირთაძის შეფასებით, ხელისუფლებას უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ცესკოს თავმჯდომარე კვლავ თამარ ჟვანია იქნება, ამიტომ დღევანდელი კენჭისყრა მხოლოდ ფორმალობაა და დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. „მე, როგორც კომისიის ერთ-ერთმა წევრმა მივიღე გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ფარსში არ მივიღო მონაწილეობა. როდესაც ხელისუფლება აყალბებდა არჩევნებს, ცესკოს არათუ რეაგირება არ მოუხდენია, არამედ გაყალბების პროცესში იყო ჩართული და შესაბამისად, ამ ადმინისტრაციის მიერ ხელშეწყობილმა პრეზიდენტმა დაუბრუნა ხარკი თავმჯდომარეს“ - განაცხადა კირთაძემ.

„ასეთ პოზიციებზე ხარკის გადახდა არ არსებობს. ასეთ პოზიციებზე არსებობს ნეიტრალიტეტი, დამოუკიდებლობა და თქვენ, ყველა ძალიან კარგად ნახავთ საქმეში, რომელიც ადმინისტრაციამ 5 წლის განმავლობაში გააკეთა და შემდგომი წლების განმავლობაშიც დაამტკიცებს, იმ შემთხვევაში თუ მე ვიქნები ამ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომ ყველაფერი იქნება ხალხის ნების მიხედვით“ - განაცხადა საპასუხოდ თამარ ჟვანიამ. რაც შეეხება ბრალდებას არჩევნების გაყალბების შესახებ, ჟვანიას თქმით, სავარაუდო გაყალბების შესახებ მედიით ვიდეოკადრების გავრცელებიდან მეორე დღესვე, საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით პროკურატურას მიმართა გამოძიების დასაწყებად.

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ფარული კენჭისყრა ჩატარდება ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად. ამ თანამდებობაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შემდეგ, 21 დეკემბერს წარადგინა სამი კანდიდატი - ცესკოს თავმჯდომარედ 2013 წელს არჩეული თამარ ჟვანია, რომელსაც ხუთწლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, პრემიერ-მინისტრის აპარატის თანამშრომელი მარიამ შელეგია და არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე. ცესკოს წევრები თავმჯდომარეს ირჩევენ სრული შემადგენლობის ხმათა ორი მესამედით. ცესკოს თავმჯდომარის გარდა ჰყავს კიდევ 11 წევრი. თუ მათგან საკმარის ხმას ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, ცესკოს თავმჯდომარეს 7 დღის ვადაში აირჩევს საქართველოს პარლამენტი.