წარმატებული პროტესტი - მეტროს მემანქანეებს ხელფასი 30%-ით გაეზარდათ

მეტროს მემანქანეების გაფიცვის შემდეგ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა - ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ულოცავს თბილისის მეტროს დამოუკიდებელ პროფკავშირებს “ერთობა 2013“-ს წარმატებას. EMC-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათ შეძლეს გაფიცვის პერიოდში მიღებული ზეპირი შეთანხმების ოფიციალურად გაფორმება და ხელფასების უპრეცედენტოდ გაზრდა.

„მოლაპარაკების შედეგად 1500 ლარზე მაღალი სახელფასო ჯგუფის მეტროს თანამშრომლებს (გარდა მაღალი ადმინისტრაციულ-მმართველობითი თანამდებობებისა) ხელფასები გაეზრდებათ 10%-ით, 1500 ლარზე მომუშავე მეტროს რიგით თანამშრომლებს, რომელთა რიცხვი დაახლოებით 6 000 ადამიანია, 15%-იანი ზრდა დაუფიქსირდება, ხოლო გაფიცვის ძირითად ორგანიზატორებს, მემანქანეებს, რომელთა რიცხვი 240 ადამიანამდეა და რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები მოლაპარაკების წარმოებისა და მედიაციის პროცესში, როგორც ადმინისტრაციასთან, ასევე თბილისის მერიასთან, ხელფასები 30%-იანი ზღვარის ფარგლებში გაეზრდებათ, რაც ღამის საათების ანაზღაურების ზრდის ხარჯზე განხორციელდება“, - წერს EMC.

მშრომელთა გაფიცვების უახლეს ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც მშრომელთა წინააღმდეგობას მსგავსი მაღალი შედეგისთვის მიეღწიოს და 10%-იდან 30%-მდე ზღვარში ხელფასის ზრდა მოეპოვებინოს.