აშშ-ის ელჩმა რუსეთში ჯონ ჰანტსმენმა მოსკოვის ლეფორტოვოს იზოლატორში მოინახულა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ამერიკელი პოლ უილანი. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. 2 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რუსეთს მოთხოვა უილანის დაკავების მიზეზის ახსნა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა 48 წლის პოლ უილანი 28 დეკემბერს დააკავეს. აშშ-ის მოქალაქის წინააღმდეგ საქმე აღძრულია ჯაშიშობის მუხლით, რომელიც 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმის დეტალები ამ დრომდე უცნობია. ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი საერთაშორისო უსაფრთხოების განყოფილების დირექტორად მუშაობს კომპანია „ბორგ უორნერში,“ რომელიც ავტომანქანების ნაწილებით ვაჭრობს. უილანის ოჯახი მის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და აღნიშნავს, რომ პოლი მოსკოვში მეგობრის ქორწილის გამო ჩავიდა.