შსს-ს ადასტურებს, რომ ქალი ელექტროშოკით გათიშეს და გააუპატიურეს

ქალზე ძალადობის ფაქტზე შსს-მ 1995 წელს დაბადებული პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა 30 დეკემბერს, მუხიანის დასახლებაში ელექტროშოკის გამოყენებით 1984 წელს დაბადებულ ქალს სხეულის დაზიანება მიაყენა, მასზე იძალადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებით ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, 31 დეკემბერს დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ელექტრო შოკი და სხვა ნივთმტკიცებები ამოიღეს. ამჟამად ბრალდებულს სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ინფორმაცია ქალზე ძალადობის ფაქტზე, თავდაპირველად საინფორმაციო პორტალმა "პრაიმტაიმმა" გამოაქვეყნა, როგორც გამოცემა წერს, დაზარალებულმა მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა: „..რაც მე გადამხდა თავს, მტერს არ ვუსურვებ. 30 დეკემბერს ღამის 9-დან 10-ის ნახევრის ინტერვალში გლდანში, გობრონიძის ქუჩიდან მიმავალი საცალფეხო ბილიკზე, რომელიც მუხიანის დასახლებას აკავშირებს, ელექტროშოკის ოთხი დარტყმით პარალიზება მოახდინა და ჩემზე იძალადა..." - წერს დაზარალებული ქალი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალდება 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.