საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა

ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ საქართევლოში წითელას ეპიდაფეთქებაა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აღნიშნავენ, პირველი იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით, საქართველოში წითელას 312 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადების არეალები ძირითადად კახეთი, იმერეთი და სამეგრელოა.

ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნავს, დაავადების შემთხვევათა 56% ძირითადად, 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებშია გავრცელებული. მისი თქმით, გამორიცხული არ არის, რომ დაავადება კიდევ უფრო გავრცელდეს, ამიტომ წითელას საწინააღმდეგოდ მთავრობის სპეციალური განკარგულება მომზადდა, სადაც წითელას საწინააღმდეგო ღონისძიებებია გათვალისწინებული: „წითელას თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება არის ვაქცინაცია. ყველა დედამ უნდა გადაამოწმოს აცრების ისტორია, თუ ბავშვს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა ჩატარებული არ აქვს, უნდა მიიყვანოს და აცრას. აღნიშნულ აცრას აფინანსებს სახელმწიფო და ყველასთვის უფასოა“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.