დაიწყო გამოძიება მაგნიტოგორსკში ტერორისტული თავდასხმით მუქარასთან დაკავშირებით

2018 წლის 21 იანვარი: მაგნიტოგორსკში, კარლ მარქსის ქუჩაზე მდებარე შენობა, რომელშიც 31 დეკემბერს ძლიერი აფეთქება მოხდა

რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში რამდენიმე ორგანიზაციამ ელფოსტით მიიღო ანონიმური წერილები შესაძლო ტერორისტული თავდასხმების შესახებ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

საავადმყოფოები, სკოლები და სავაჭრო ცენტრებია ორგანიზაციებს შორის, რომლებმაც 21 იანვარს ასეთი წერილები მიიღეს. ადგილობრივი ოფიციალური პირები მოსახლეობას მოუწოდებენ, „ნუ წამოეგებიან პროვოკაციას“ პანიკაში ჩავარდნით.

დაწყებულია გამოძიება. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, მოწმდება ინფორმაცია მაგნიტოგორსკის ინსტიტუტებში ბომბების დამონტაჟების შესახებ.

ქალაქში დაძაბული ვითარებაა 31 დეკემბრიდან, როცა აფეთქებამ დაანგრია საცხოვრებელი სახლის ნაწილი და შეიწირა 39 ადამიანის სიცოცხლე. ხელისუფლება აცხადებს, რომ აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა და რომ უსაფუძვლოა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადება ამ აფეთქების მოწყობის შესახებ.