ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაურის ბედი ჯერჯერობით უცნობია

ტრიპოლი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ფლობს იმის დამადასტურებელ ინფორმაციას, რომ ლიბიაში გაუჩინარებული ახალგაზრდა ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე გარდაცვლილია. „შეიძლება ბევრი ვერსია არსებობდეს, მაგრამ ვიდრე გამოძიება არ დასრულდება და საბოლოო ვერსიას არ გამოაქვეყნებს, ამას ვერ დავადასტურებთ. ჩვენ ველოდებით ინფორმაციას ლიბიური მხარისგან“ - უთხრა ჟურნალისტებს სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა. მისი ინფორმაციით, ვითარების გასარკვევად მუშაობენ საქართველოს საელჩო ეგვიპტეში, რომელიც ლიბიასაც ფარავს და გენერალური საკონსული სტამბოლში, რადგან გემი, საიდანაც ქართველი მეზღვაური გაუჩინარდა, თურქულ კომპანიას ეკუთვნის. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, ლიბიაში დეტალებს არკვევს თურქული კომპანიის ადვოკატიც. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დავით რაზმაძის ნათესავისგან 15 იანვარს მიიღეს ინფორმაცია, რომ მეზღვაურთან კონტაქტი 7 იანვრის შემდეგ შეწყდა.