აშშ მხარდაჭერას უცხადებს ვენესუელაში საპროტესტო აქციების მონაწილეებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა გამოაქვეყნა ვენესუელაში საპროტესტო აქციების მონაწილეების მხარდამჭერი მიმართვა. აქციები 23 იანვარს იმართება.

პენსი აქტივისტებს აშშ-ის პრეზიდენტის სახელით უცხადებს ვაშინგტონის მხარდაჭერას. ის აღნიშნავს, რომ ვენესუელელი ხალხი იცავს თავისუფლებას და ხმას იმაღლებს მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს კარაკასის მიმართ თეთრი სახლის პოზიციაზე: ვაშინგტონი ვენესუელის ხელისუფლების ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოდ მიიჩნევს ეროვნულ ასამბლეას, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს.

მადურო 2013 წელს გახდა ვენესუელის პრეზიდენტი. ის განმეორებით აირჩიეს 2018 წლის მაისში, მაგრამ არჩევნები მკაცრად გააკრიტიკეს აშშ-მა, დასავლეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებმა. მადუროს აკრიტიკებენ დემოკრატიის პრინციპებისა და ადამიანის უფლებების დარღვევისათვის.