გია ვოლსკი: ოპოზიცია მოსამართლეების საკითხით დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობს

შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა - განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ. ერთ-ერთ მთავარ განსახილველ საკითხად სახელდებოდა უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების შერჩევის საკითხი. ვოლსკის თქმით, მოსამართლეების საკითხი ქვეყნის დესტაბილიზაციის საფრთხეს უკავშირდება.

„არის საფრთხეები, ჩვენს თვალწინ ეს საფრთხეები ძალიან კარგად იშლება. ეს არის დესტაბილიზაცია, ეს არის ოპონენტების და „ნაცების“ მონდომება, რომ რეალურად შეარყიონ სიტუაცია სასამართლო ხელისუფლების მეშვეობით, რომელსაც გუშინ მხარს უჭერდნენ და შემდეგ თავად იქნენ ამ სასამართლოს მიერ გასამართლებული... და არის მეორე ნაწილი, რომელიც ეხება კრიტერიუმებს და კრიტერიუმები უნდა იყოს ისეთი, რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოებას არა მარტო ემოციური განწყობით, არამედ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს, ქვეყანას რყევა არ ემუქრება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დილიდან მიმდინარეობდა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელშიც მონაწილეობდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. საპარლამენტო უმრავლესობა ბოლო დროის აქტუალურ საკითხებს, მათ შორის უვადო მოსამართლეობის კანდიდატების გამწესების საკითხსაც განიხილავს.