„ციანიდის საქმე“ სტრასბურგის სასამართლოში წავიდა

ე.წ. „ციანიდის საქმე“ სტრასბურგის სასამართლოშია. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დეკანოზ გიორგი მამალაძის სახელით იურისტმა დავით ჯანდიერმა მიმართა.

„რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, გუშინ ხელი მოვაწერე და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გავგზავნე საჩივარი დეკანოზ გიორგი მამალაძის სახელით. მესმის, ინტერესი დიდია, რა ფაქტებს ეფუძნება საჩივარი და კონვენციის რომელი მუხლების დარღვევაზე ვამახვილებ სასამართლოს ყურადღებას.

დეკანოზთან პირველივე შეხვედრაზე, ჩემი თხოვნით, შევთანხმდით, რომ საჩივრის შინაარსზე (რაც ჩვენ ორისთვის არის ცნობილი), შემდგომ პროცედურებამდე საუბარი არ გვექნება. იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლო გაიზიარებს ხედვას ამ საქმეში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ, - წერს დავით ჯანდიერი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

დავით ჯანდიერის განცხადებით, დაცვის მხარე მზად არის, დეკანოზ გიორგი მამალაძის სიმართლე დაამტკიცოს.