საქართველოს საპატრიაქო პარასკევ საღამოს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარის, მიტროპოლიტ ილარიონის (ალფეევი) ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც საქართველოს უკრაინის ავტოკეფალიასთან დამოკიდებულებაა ნახსენები, და რამაც, საპატრიარქოს შეფასებით "მძიმე შთაბეჭდილება დატოვა მთელს საზოგადოებაზე, რადგან იგი აღქმულ იქნა ერთგვარ უხეშ ზეწოლად და დავალდებულებას."
საპატრიარქო ალფეევის განცხადებაში, მისი "ბუნდოვანების" გამო, მუქარის ნიშნებს ხედავს. კერძოდ, საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია:
"მაშინ, როდესაც, ცხინვალის რეგიონში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე, ჩვენთან სრულიად შეუთანხმებლად, შენდება ტაძარი, ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე პერიოდულად საეკლესიო მსახურებას არაკანონიკურად აღასრულებენ რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მოქმედი სასულიერო პირები, ინტერვიუში დატოვებული ორაზროვნება, ბუნებრივია, მუქარის შინაარსს იძენს"
რუსი ჟურნალისტის კითხვას, საქართველოს მხრიდან უკრაინის ახლადგამოცხადებული ეკლესიის აღიარების შემთხვევაში, მოყვება თუ არა მოსკოვის საპატრიარქოსაგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში საეკლესიო სტატუსის გადახედვა, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევმა) არპირდაპირი პასუხი გასცა და განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესიაში კარგად ესმით მოსალოდნელი საფრთხეები.
საპატრიარქო, ასევე შენიშნავს, რომ "მიტროპოლიტმა ილარიონმა, სრულიად არასწორად გააკეთა აქცენტი კრეტის კრებაზეც და დიპტიხთან დაკავშირებითაც. მან თქვა, თითქოს ჩვენდამი სოლიდარობაც იყო მიზეზი იმისა, რომ რუსეთის ეკლესია ამ კრებაზე არ წავიდა. ჩვენ არ ვიცით, რა მიზეზებმა განაპირობა მათი გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტი ერთია, საქართველოს ეკლესიას თავისი პოზიციის გამო მხარდსაჭერად არავისთვის მიუმართავს."
განცხადების დასასრულს, საპატრიარქო მიუთითებს, რომ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები მოსკოვში შეხვდნენ მიტროპოლიტ ილარიონს, რომელმაც მათ განუმარტა, რომ "საშიშროებაში იგი გულისხმობდა იმ პრობლემებს, რომელიც, ტომოსის აღიარების შემთხვევაში დაუდგება არაერთ ეკლესიას, მათ შორის, საქართველოსასაც და არ ლაპარაკობდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსეთის ეკლესიის იურისდიქციად გამოცხადების საფრთხეზე"