გიორგი ქობულია: შესაძლებელია გვქონდეს საკუთრი გაზი და ნავთობი

საქართველოში მიმდინარეობს მუშაობა ნავთობისა და გაზის მარაგების მოძიება-ათვისების მიმართულებით, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ 13 თებერვალს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გამოსვლისას.

„შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ მსოფლიოს უსერიოზულესი კომპანია „ექსონი“ აწარმოებს კვლევას შავი ზღვის პოტენციალთან დაკავშირებით. წლის ბოლოს ეს კვლევა დასრულდება და ჩვენ გამოვაცხადებთ აუქციონს შავ ზღვაზე ნავთობის რესურსების ათვისების მიმართულებით“, - განაცხადა ქობულიამ.

ამასთან, მინისტრის თქმით, დამაიმედებელია ამერიკული კომპანია „შლუმბერჟეს“ მიერ ჩატარებული მოკვლევა, რაც გაზის რესურსების მოპოვების მოლოდინს აჩენს.

„შლუმბერჟე ამჟამად აწარმოებს რამდენიმე ჭაბურღილის ბურღვას. ძალიან პოზიტიური შედეგებია მიღებული, რამაც შეიძლება მოგვცეს საშუალება, რომ ჩვენი საკუთარი გაზიც გვქონდეს რაღაც რაოდენობით მაინც“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ საკომიტეტო მოსმენაზე.

მისი თქმით, საქართველოში ინერგება ნავთობისა და გაზის რესურსების მართვის დახვეწილი სისტემა და იქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზები.