შსს: 2018 წელს დაკავებულია „ქურდული სამყაროს" 52 წევრი

"2018 წელს პასუხისგებაში მიეცა 4 ე.წ. კანონიერი ქურდი, დაკავებულია „ქურდული სამყაროს" 52 წევრი," - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ 2 მარტს გამართულ ბრიფინგზე.

2 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სენაკსა და ფოთში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მამუკა ჭელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

შსს-ს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1977 წელს დაბადებული ი.ჩ. და წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევები: 1979 წელს დაბადებული მ.გ. და 1978 წელს დაბადებული მ.ლ.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ, კერძოდ, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ - ლავას ოღლი, იგივე მინდია გორაძესთან, ჯუმბერ ბაირამიდითთან (ზედმეტსახელად "ბონჩო"), სტავრო ბაირამიდთან - (ზედმეტსახელად "როკო"), დათო ჩხიკვიშვილთან, მერაბ მზარელუასთან და როლანდ გეგეჭკორთან.

ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით, „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ.