ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაური გორში ჩაასვენეს

ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაური დავით რაზმაძე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გორში, ბებიის სახლში გადაასვენეს.

მეზღვაურის ბიძა იაგო ცეცხლაძე რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ცხედარი დაზიანებულია:

„ძალიან დაზიანებულია, წყალშია ნამყოფი. ამიტომ წუხელ თბილისში ჩატარებულ ექსპერტიზას დრო სჭირდება. ლიბიიდან გამოგზავნილ დასკვნაში წერია, რომ მოკლულია, მაგრამ ბევრი საკითხია ბუნდოვანი - როგორ არის მოკლული, ვის მიერ და ასე შემდეგ“

23 წლის ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას 6 იანვრის შემდეგ გაუჩინარდა. 21 იანვარს კი, ქართველი მეზღვაური სანაპიროზე, გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი ვარაუდობს, რომ დავით რაზმაძე მოკლულია.

დავით რაზმაძის ცხედარი თბილისში 5 მარტს ჩამოასვენეს.