აქცია გამყოფ ხაზთან ყოჩივარდებით

სოფელ ჩორჩანაში შიშობენ, რომ შესაძლოა შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ. მინდვრებს, სადაც ადრე გასაყიდ ყვავილებს კრეფდნენ, მავთულხლართებით შემოღობვა ემუქრება.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში, რომელიც საოკუპაციო ხაზიდან 100 მეტრში მდებარეობს, „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ ადგილობრივებთან ერთად აქცია გამართა.

„ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ აცხადებს, რომ მოსახლეობისთვის ტყე და მინდვრები ერთ-ერთი საარსებო წყაროა. თუმცა, არც ისე დიდი ხნის წინ რუსმა ოკუპანტებმა ხეებზე ტყეში ყვითელი ნიშნულები გააკეთეს. შესაძლოა აქ მავთულხლართების ახალი ღობე გაჩნდეს.

ჩორჩანა პატარა სოფელია, იქ სულ 16 ოჯახი ცხოვრობს. სოფელში ინფრასტრუქტურა მოშლილია და ხალხს თავის გატანა ძალიან უჭირს. მინდვრებში ადგილობრივი ქალები ყოჩივარდებს აგროვებენ და 3-8 მარტს ხაშურში გასაყიდად მიაქვთ. ცენტრის განცხადებით, განვითარებული პროცესების გათვალისწინებით, ყვავილების მოგროვება ადგილობრივებისთვის შესაძლოა განსაკუთრებით სახიფათო გახდეს.