საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ზურაბიშვილმა შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის პროგრესსა და საქართველო - ევროკავშირის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილის სიტყვებით, საქართველოს და სომხეთს ბევრი რამ აერთიანებს - გეოგრაფია, ისტორია, მომავალი და მომავლის გეგმები.ამ ფონზე კი, მისი სიტყვებით, მნიშვნელოვანია იმ პოტენციალის გამოყენება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს.
„ერთად შეგვიძლია ბევრად მეტი, ვიდრე მარტო. ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას დიდი პოტენციალი გააჩნია და საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები გაზრდილია საქართველოს მიერ ევროკავშირთან და ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებებით.
საუბარი შეეხო ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მდგომარეობასაც, მათ ინტეგრაციას საქართველოს ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურებასა და ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის ქართული ენის სწავლების საკითხებს.
სალომე ზურაბიშვილმა სომხეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებში ქართველი სპეციალისტების ჩართულობის საკითხიც დააყენა.