მფრინავი ქალი თავდაცვის მინისტრის მოსმენაზე არ შეუშვეს

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წევრებმა გააპროტესტეს მფრინავი ქალისთვის, ეკატერინე ქვლივიძისთვის პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე დასწრების აკრძალვა. მათი ინფორმაციით, გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიიღო.

ეკატერინე ქვლივიძეს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას მოსმენაზე დასწრება სურდა.

მფრინავი ქალი, რომელმაც სამხედრო მომზადება აშშ-იც გაიარა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადანაშაულებს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში.

ქვლივიძის განცხადებით, სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა ფრენაზე და მისიებსა და სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობაზე უარი მხოლოდ იმიტომ უთხრეს, რომ ქალია, ჯერ პრაქტიკულ ფრენებს ჩამოაშორეს, შემდეგ კი ქვეით ჯარში გადაიყვანეს.

ეკატერინე ქვლივიძის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს დატოვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ შეიტყო, რომ კონტრაქტის დარღვევისთვის მისგან მოითხოვენ 28 ათასი ლარის გადახდას.