„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს ფეისბუკზე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.
მისი თქმით, ივანიშვილს წერილი „ვიღაცამ დაუწერა“. თუმცა მთავარი, სააკაშვილის სიტყვებით ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილი „ვერ მოეშვა მიცვალებულებით სპეკულირებას და ხან ზვიად გამსახურდიათი სპეკულირებს, ხან მისი პირადი მტრით, ბადრი პატარკაციშვილით, ხან ზურაბ ჟვანიათი და ხან 9 აპრილს დაღუპულ გმირებს.
სააკაშვილი ივანიშვილის წერილში ეშმაკის პასაჟსაც გამოეხმაურა:
„აბა, გამოიცანით რა შეიძლება ერქვას იმ არსებას, ვინც 9 აპრილის ჯალათს, ლებედს მუდმივად აფინანსებდა მრავალი წლის განმავლობაში, 9 აპრილის შემდეგ? შეიძლება მას ეშმაკი ეწოდოს ხომ? რა ქვია იმ ადამიანს, ვინც საქართველოს ეკონომიკური ზრდა შეაჩერა? შემთხვევით ეშმაკის ხელი ხომ არ ურევია ამაში? რა ჰქვია იმ ადამიანს, ვინც ჩაიგდო საქართველოში ყველა ბიზნესი ხელში, საქართველოს პრაქტიკულად მთავარი მევახშე გახდა, ასობით ათასი ქართველი გააკოტრა და მილიონამდე ქართველი გააგდო ქვეყნიდან, შემთხვევით ეშმაკი ხომ არა? ბოლოს და ბოლოს ვინ იქცევა ეშმაკივით? შემთხვევით ის არსება ხომ არა, რომელიც ხეებს ჯერ გლეჯს, ანადგურებს? - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.