იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიესალმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა სრულად არ დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა.
„როგორვ ჩანს, ვენეციის კომისიას გაუჩნდა ეჭვი, რომ პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის არის არაფორმალური შეთანხმება და არც საბჭოს უცხადებს ნდობას და არც პარლამენტს“ - უთხრა ჟურნალისტებს ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტში შეხვედრის დაწყებამდე.
ჯანეზაშვილის შეფასებით, შესაძლებელია ეს კანონმდებლობაში არ აისახოს, მაგრამ პოლიტიკური მიდგომიდან გამომდინარე პარლამენტმა უზენაესი სასამართლო სრულად არ დააკომპლექტოს.
„ამჟამად არის 18 ვაკანსია, დაემატება კიდევ ორი და ჯამში, უზენაეს სასამართლოში 2019 წლისათვის 20 ვაკანსია იქნება. მნიშვნელოვანია, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის დაკომპლექტება ეტაპობრივად მოხდეს“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
მისივე შეფასებით, სრულიად ადეკვატურია ვენეციის კომისიის რეკომენდაციაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის საკითხის გადახედვის შესახებ.
დილის 10 საათიდან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხვდება დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებს.
შეხვედრაზე განიხილება ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „ქართული ოცნების“ კანონპროექტზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურებს და კრიტერიუმებს ეხება.