ილია მეორე აცხადებს, რომ მსოფლიოში ათეისტური ტალღა გაძლიერდა

ათეისტური სულისკვეთების მქონეთათვის სიტყვა ,,ცოდვა“, ,,განწმენდა-კათარზისი“, ისეთივე გაუგებარია, როგორც ,,თავმდაბლობა“ ან ,,სინანულის განცდა“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ დღეს, როდესაც მსოფლიოში ათეისტური ტალღა გაძლიერდა და მისი გავლენა ჩვენს ქვეყანაშიც იგრძნობა, თვალნათელი გახდა, როგორ დეგრადირდება ადამიანი უფლის გარეშე, როგორ ადვილად გადაგვარებადია იგი, როგორი უგუნური და თვითგანადგურებისაკენ მიდრეკილი ხდება ის.

„შეიძლება ითქვას, რომ გამოცხადებულია სრული თავისუფლება როგორც მორწმუნეთა, ისე ურწმუნოთა მიმართ, მაგრამ ამ სივრცეში მკვეთრად იგრძნობა ღვთის უარმყოფელთა სითამამე; ისინი სრული თავაშვებულების პროპაგანდას აქტიურად ეწევიან ყველა საშუალებით და ცდილობენ, ეს ქმედება სიმართლისა და სიკეთის სახელს დაუკავშირონ, რათა თავისი გაუკუღმართებული შემოთავაზებანი ხალხისთვის მისაღები გახადონ“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.