ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარს კეტავს

ახალგორი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება დროებით კეტავს დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, 9 მაისს, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 74-ე წლისთავის უსაფრთხოდ აღნიშვნის უზრუნველსაყოფად, 8 მაისს 20 საათიდან შეწყდება მოქალაქეთა გაშვება „საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული წესით გადაკვეთის ადგილებში.“ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობითვე, შეზღუდვა მოიხსნება 10 მაისს, დილის 6 საათიდან.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის ერთადერთი ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი ახალგორის რაიონში მდებარეობს.