მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე  ასლან მარგოშვილის გამოკითხვა 8 საათი გაგრძელდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე ასლან მარგოშვილის გამოკითხვა 8 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

უწყების დატოვების შემდეგ მას მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებია, მისმა ადვოკატმა, ქეთი ჩუთლაშვილმა კი განაცხადა, რომ ასლან მარგოშვილმა საგამოძიებო უწყების ყველა შეკითხვას გასცა პასუხი:

საგამოძიებო ორგანოს კითხვები ძირითადად შეეხებოდა მის კომუნიკაციას მალხაზ მაჩალიკაშვილთან და მის ძმისშვილთან. ამ ადამიანმა დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ამ შემთხვევაში, არანაირ ბრალეულობაზე ლაპარაკი არ არის.

ამ პიროვნებით დაინტერესება მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილთან, მორის მაჩალიკაშვილთან მისი კომუნიკაციებიდან გამომდინარე მოხდა. ასლან მარგოშვილმა გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, რაზეც ბუნებრივია, ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ადვოკატმა ქეთი ჩუთლაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 7 მაისს გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, რომლითაც, უწყების შეფასებით, დასტურდება მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ტერორისტული აქტის ორგანიზების მზადება.

სუს-ის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერში საუბრობენ მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ძმისშვილი მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილი.