საქართველოს პარლამენტი იწყებს "ქურდული გარჩევის" კრიმინალიზების საკითხის განხილვას

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს პირველი მოსმენით განიხილება კანონპროექტი, რომელიც სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადს გახდის ე.წ. „ქუჩურ გარჩევას.“

მთავრობის ინიციატივით, შესაბამისი ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.

საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს დავის უკანონოდ გადასაწყვეტად შეკრების, ანუ ე.წ. „ქუჩური გარჩევის“ კრიმინალიზაციას.

ცვლილებების განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღება განპირობებულია დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრებების, ე.წ. „ქუჩური გარჩევების“ ორგანიზების და მასში მონაწილეობის სიხშირით, რაც პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლის ქმედითი მეთოდების შემუშავებას მოითხოვს.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი მთავრობა მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედების სისხლის სამართლის წესით დასჯის და სახელმწიფოს მიერ მკაცრი პოლიტიკის გატარების პირობებში, შესაძლებელი გახდება ერთი მხრივ, მართლმსაჯულების განმახორციელებელი სახელმწიფო ინსტიტუტების გვერდის ავლით დავის გადაწყვეტის თავიდან აცილება, ხოლო მეორე მხრივ, დაზარალებულთა დაცვა და პრევენცია იმ მძიმე შედეგებისა, რომლებიც შესაძლოა, მოჰყვეს მსგავს ქმედებებს.

კანონპროექტის თანახმად, დასჯადი ხდება „წინასწარი შეცნობით დავის უკანონო განხილვის/გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს შეკრების მონაწილის მხრიდან ძალადობა, იძულება ან/და ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა ან წინასწარი შეცნობით ამ ნაწილით გათვალისწინებულ შეკრებაში პასიური მონაწილეობა, რაც ქმნის შეკრებისას ძალადობის, იძულების ან/და ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და რეალურ საფრთხეს.“

მსგავსი ქმედება დაისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 120-დან 180 ოთხმოც საათამდე, ან ერთ წლამდე შინაპატიმრობით, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ასევე, დასჯადი გახდება „დავის უკანონო განხილვის/გადაწყვეტის მიზნით იმგვარი შეკრების ორგანიზება, რასაც თან ახლავს ძალადობა, იძულება ან/და ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა.“

მსგავსი ქმედებისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180-დან 240 საათამდე, ან სამ წლამდე ვადით შინაპატიმრობა, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.