საქართველოსა და აზერბაიჯანის განახლებული კომისიების თანათავმჯდომარეების შეხვედრა დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე კვირაში გაიმართება,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
"არა მხოლოდ დღეს, არამედ იმ დღიდან დაწყებული, როდესაც დავით გარეჯის ტერიტორიაზე შეიქმნა ასეთი სიტუაცია, მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფები ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან. დღესაც ბუნებრივია, მქონდა ამაზე საუბარი. მიღწეულია შეთანხმება, რომ განახლებული კომისიების თანათავმჯდომარეების შეხვედრა მიმდინარე კვირას გაიმართება," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლიტიკურ სპექტრს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას მოუწოდა თავი შეიკავონ გარეჯის თემაზე ემოციური განცხადებებისგან და კომისიას და თანათავმჯდომარეებს საშუალება მისცენ, წყნარ ვითარებაში ისაუბრონ ამ საკითხზე.