„სავანემ“ ქუთაისის მერიას სასამართლო დავა მოუგო

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე „სავანეს“ მფლობელმა, ქუთაისის მერიას სასამართლო დავა მოუგო.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მალხაზ ჩუბინიძის გადაწყვეტილებით, მერიის ხედამხედველობის სამსახურის ჯარიმა, რომელიც 2000 ლარს ითვალისწინებდა კაფე „სავანეს“ წინააღმდეგ, უსაფუძვლოდ გამოცხადდა.

მერიამ კაფეს მფლობელები საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვის მუხლით, 30 აპრილს დააჯარიმა.

„მერიას ყოველთვის აქვს ბერკეტი მოქალაქეებთან მიმართებით. ამ შემთხვევაში ვთვლი, არ მომხდარა სივრცის შეზღუდვა, რასაც მერია გედავებათ. ამიტომ, არ დაკმაყოფლდება მათი მოთხოვნა. ეს არის გარევაჭრობა და არა სივრცის შეზღუდვა“,- განაცხადა მოსამართლემ.

კაფეს მეპატრონეების ინტერესების დამცველის, ნინო მეფარიშვილის თქმით, მერიის ჯარიმა უსაფუძვლო იყო და ნაცვლად გარევაჭრობისა, მერიამ კომპანია სხვა მუხლით დააჯარიმა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესს, მერიის წარმმადგენლები არ დასწრებიან. მერიას გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ერთთვიანი ვადა მიეცა.

ქუთაისის მერიასა და კაფეს მეპატრონეებს შორის დავა სააპელაციო სასამართლოშიც მიმდინარეობს. მერია მეპატრონეებს კაფეს ტერიტორიას ედავება. მერიაში განმარტავენ, რომ ადგილი, სადაც „სავანეა“ განთავსებული, მერიის ბალანსზეა.