კახა კალაძე: ფიჭვების 90%-ს გადამდები დაავადება აქვს, ხეები უნდა მოიჭრას

„დედაქალაქში არსებული ფიჭვების 90% უმძიმეს მდგომარეობაშია და მათ გადამდები დაავადება აქვს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ხეების სანიტარული ჭრის პროცესი გაგრძელდება, დაავადებული ხეების ნაწილს კი ახალი მეთოდებით უმკურნალებენ.

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ფოტომასალები წარადგინა, სადაც მისი თქმით, დაავადებული ხეებია აღბეჭდილი:

„მგონია, რომ ეს მარტო თბილისის პრობლემა არ არის, რეგიონებშიც გვაქვს ანალოგიური პრობლემები. მე ფოტოებს გაჩვენებთ, გული შეგიწუხდებათ, ისეთი მდგომარეობა. ფოტოებზე კარგად ჩანს, შიგნით როგორ არის ეს მატლები თუ ხოჭოები, რაღაც საშინელებაა. უმძიმეს მდგომარეობაშია, გარედან შეხედავ, ვითომ არაფერი, თუმცა როგორც კი შიგნით გახსნი, უმძიმესი მდგომარეობაა და ასეა დაზიანებული ფაქტობრივად, თბილისში არსებული თითქმის ყველა ფიჭვი.

ვფიქრობ, რისი გადარჩენაც არის შესაძლებელი, გადავარჩენთ, თუ არადა აუცილებლად უნდა მოიჭრას, რადგან შემდეგ შეიძლება სხვა ჯანსაღი ხეებიც დააზიანოს და ეს კიდევ დამატებითი პრობლემაა. როდესაც ჩვენ ჭრებს ვახორციელებთ, არ იფიქროს ვინმემ, რომ ისე დარჩება. რა თქმა უნდა, ჩვენ ახალ ხე-ნარგავებს დავრგავთ. ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორი მნიშვნელოვანია მწვანე სივრცეები, ჯანსაღი ხეები“.

დედაქალაქის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა ცვლის დამოკიდებულებას ამ პრობლემის მიმართ და უახლოეს დღეებში „უპრეცედენტო შესყიდვას“ აანონსებენ:

„მომავალი 3 წლის განმავლობაში მთლიანად ახლებურ მეთოდებს დავამკვიდრებთ სანიტარული ღონისძიებების კუთხით. დაავადებული ხეები მთლიანად ამოღებული იქნება გარემოდან, თუმცა მთავარი მიზანი არის ის, რომ დაავადების გავრცელების მარშრუტი დავადგინოთ. შემოგვაქვს აბსოლუტურად ახალი მკურნალობის საშუალებები. ეს არის ინექციები, რომელიც საქართველოში ჯერ არ გამოყენებულა და, ვფიქრობ, რომ ის სამწლიანი შესყიდვის ღონისძიებები, რაც ჩვენ განვახორციელეთ, ერთხელ და სამუდამოდ, არა მხოლოდ თბილისისთვის, არამედ საქართველოსთვის გადაჭრის ამ პრობლემას",- განაცხადა მაია ბითაძემ.