"ოდიშის" ჟურნალისტს ზუგდიდის სასამართლომ 3000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა

ლევან თორია სასამართლო სხდომაზე

დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულ ლევან თორიას და მამუკა ცირდავას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 3000-3000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო, რითაც დააკმაყოფილა პროკურორ ილია ტორუას მოთხოვნა.

სხდომაზე ბრალდებული, ტელეკომპანია "ოდიშის" გადაცემის წამყვანი ლევან თორია წარდგენილ ბრალს არ დაეთანხმა. "მე თავს ვიცავდი. რაც ვიდეოზეა ასახული, ეს არის თავდაცვა, რადგან მომვარდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს",- აღნიშნა მან.

თავის მხრივ ბრალდებულის ადვოკატმაც განაცხადა, რომ ლევან თორია თავს იცავდა და საქმის მასალებით მისი ბრალეულობა არ დასტურდება.

მიუხედავად იმისა, რომ ლევან თორია თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, სასამართლო პროცესზე ადვოკატმა მისთვის გირაოს სახით მინიმალური თანხის ოდენობის დაკისრება მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

დადიანების ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარიანი გირაო შეეფარდა ასევე ბრალდებულ მამუკა ცირდავას. მან ბრალი აღიარა და დაეთანხმა პროკურატურის მოთხოვნას. მანამდე პატიმრობა შეეფარდა იმავე საქმეზე დაკავებულ გელა კვარაცხელიას.

ტელეკომპანია "ოდიშის" ინფორმაციით, 14 მაისს, დადიანების ეზოში პარტია "ქართული ოცნების" კოორდინატორები გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს გადაცემის ჩაწერის დროს დადიანების ეზოში დაუპირისპირდნენ. ამავე მედიის ცნობით, მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სანდრა რულოვსის თანმხლებ პირებს და გადაცემის წამყვანს ლევან თორიას.