ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის წარმომადგენლებმა გახსნეს პროტესტის ნიშნად გადაკეტილი ორიდან ერთი ავტომაგისტრალი.
სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნული მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ხიშბამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ საავტომობილო გზა გახსნეს სოფელ ბზიფთან. ეს მაგისტრალი რუსეთის საზღვრისკენ მიდის.
ხიშბას განცხადებით, ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვას გამაფრთხილებელი ხასიათი ჰქონდა და სწორედ ამიტომ, გზა დაბლოკეს ღამით, როცა მიმოსვლა ინტენსიური არ არის. ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, გრძელდება მშვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის სხვა აქციები.
ოპოზიციის საპროტესტო აქცია გრძელდება სოხუმში, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტთან. მიტინგის მონაწილეები აცხადებენ, რომ მალე პროტესტი მთელ აფხაზეთს მოიცავს.
ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა გვიან ღამით გადაკეტეს თბილისის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან და რუსეთიდან სოხუმისკენ მიმავალი გზები ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან და გაგრის რაიონის სოფელ ბზიფთან.
ოპოზიციურმა პარტიებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია 20 მაისიდან დაიწყეს, მას შემდეგ, რაც აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა უარი თქვა 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების 23 ნოემბრამდე გადადებაზე.
მოთხოვნის საფუძველია ოპოზიციური ბლოკის კანდიდატის, ასლან ბჟანიას ავადმყოფობა. ის ამჟამად მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.
ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ასლან ბჟანია, რომელსაც გამარჯვების რეალური შანსი აქვს, მოწამლეს და ამას ადასტურებს გერმანიაში ჩატარებული ანალიზის შედეგად სისხლში ვერცხლისწყლის და ალუმინის მომატებული რაოდენობით აღმოჩენა.
ასლან ბჟანიას მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ხელისუფლებას ადანაშაულებენ და დეტალურ და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ.
ხაჯიმბა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ გარკვეულ ძალებს სურთ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა.