ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის მასტერსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლიონის მასტერსის ფინალში გასვლა ვერ შეძლო. 27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნახევარფინალში დამარცხდა 9 წლით უმცროს მეტოქესთან - კანადელ ფელიქს ოჟე ალიასიმთან. თამაში ორ საათსა და თხუთმეტ წუთს გაგრძელდა. პირველი სეტი ბასილაშვილმა ადვილად მოიგო - 6:2, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ორი სეტი დათმო - 6:7 4:6.

ოჟე ალიასიმთან შეხვედრამდე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლიონის კორტზე ორი ეტაპი დაძლია - მერვედფინალში ფრანგ ტრისტან ლამასინის აჯობა (7:5 7:5), ხოლო მეოთხედფინალში - ასევე ფრანგ ჟო ვილფრიდ ცონგას (6:4, 6:4) და მსოფლიოს ლაივ-რეიტინგში მე-16 ადგილამდე დაწინაურდა.

შემდეგი ტურნირი საფრანგეთის ღია პირველობა იქნება. როლან გაროსი უკვე დაიწყო და 9 ივნისამდე გაგრძელდება. ტურნირზე მე-15 ნომრად განთესილ ბასილაშვილს პირველ მეტოქედ არგენტინელი ხუან იგნასიო ლონდერო ერგო, მსოფლიოს რეიტინგის 77-ე ნომერი.