პარლამენტმა 30 ხმით 3-ის წინააღმდეგ მხარი არ დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.
დადგენილების მისაღებად 50 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით საპარლამენტო უმცირესობა გამოდიოდა.
კენჭისყრი შედეგებს ძალიან სამწუხარო უწოდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „მოკლული შვილის მამა, ჩვენგან ითხოვს პასუხს, რატომ მოკლეს მისი შვილი და თუ სახელმწიფომ შეცდომით ან დანაშაულის გამო მოკლა მისი შვილი, ბოდიში მოუხადოს მის ოჯახს. ეს თემა არის ძალიან მტკივნეული არა მხოლოდ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის, არამედ მთელი თემისთვის... თქვენ დღეს უარი თქვით შეიტყოთ სიმართლე“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა მელიას განცხადებით, მათ ვინც კომისიის შექნას მხარი არ დაუჭირა საზოგადოება ამას წლების შემდეგაც გაუხსენებს „მთელ ქვეყანას უნდა გაეგო რატომ დაიხვრიტა ბავშვი ლოგინში, მაგრამ თქვენ ეს არ გინდოდათ, იმიტომ, რომ ივანიშვილს უწევთ ანგარიშს“,- განაცხადა ნიკა მელიამ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით პარლამენტმა მიიღო თავისი გადაწყვეტილება და დააფიქსირა თავისი ნება.
"ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი მაშინაც, როცა უსაფრთხოების სამსახურის მოხსენება იყო და საკმარისზე მეტი ინფორმაცია მივიღეთ“.