სავარაუდოდ აფეთქებით გამოწვეული ხანძრის შედეგად ქუთაისში შვიდი ადამიანი დაშავდა

7 ადამიანი დაშავდა ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე სავარაუდოდ, მოხდა აფეთქება, რასაც ხანძარი მოჰყვა. ადგილზე მივიდნენ მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობითვე, 30-მდე მეხანძრე-მაშველმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია პირველივე წუთებში განახორციელა. ხანძრის ჩასაქრობად გამოყენებული იყო ათამდე ერთეული სახანძრო და სამაშველო ტექნიკა.

სავარაუდო აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. საქმეს ქუთაისის პოლიცია იძიებს.