ვახტანგ ძაბირაძე: აქციის მონაწილეები თავს გამარჯვებულად თვლიან და მეტს მოითხოვენ

ხალხი არ დასჯერდება პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომას და ახლა, როგორც გამარჯვებული, მეტსაც მოითხოვს, - უთხრა რადიო თავისუფლებას კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ძაბირაძემ. ის მოელის, რომ 21 ივნისს დაგეგმილ აქციაზე უფრო მეტი ადამიანი შეგროვდება.

„ახლა 20 ივნისის აქციაში მონაწილეთა უმრავლესობა თვლის, რომ გაიმარჯვა. გამარჯვების შეგრძნება კი იმის საფუძველს ქმნის, რომ - მეტი მოითხოვოს. თანაც ისინი ფიქრობენ და მეც დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება კიდევ მეორე სისულელეს არ გააკეთებს და ისევ არ დაარბევს.

იმდენად დიდი გაღიზიანება გამოიწვია იმ კადრებმა, რაც ვნახეთ და ძალისმიერმა დარბევამ, რომ მოსახლეობა აღშფოთებულია. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ხალხი მივა აქციაზე... საუბარი იმაზე, რომ ოპოზიციის მხრიდან იყო პარლამენტში შეჭრის პროვოცირება, რაც მართლაც იყო, ამ საქმეს ვერ უშველის და არ უშველის“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძემ.

მისი აზრით, ამ ეტაპზე უკვე დაგვიანებული და არასაკმარისია პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან ირაკლი კობახიძის გადადგომა და აქციის მონაწილეები მოითხოვენ შს მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადაყენებას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ამ ეტაპზე ოპოზიციას არ აწყობს და ეს უფრო ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს.

„ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება დროში ვერ მოესწრება, რადგან ამისათვის - ცვლილებები უნდა შევიდეს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში. თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, ის ამჟამინდელი საარჩევნო სისტემით ჩატარდება და ეს სისტემა აწყობს ხელისუფლებას“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.