აქციის მონაწილეები კვლავ შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ხალხმრავალი აქციის მონაწილეები უცვლელ მოთხოვნად თვლიან შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას. ისინი აცხადებენ, რომ ამ საკითხში კომპრომისის მიღწევა შეუძლებელია.

ამასთან, დემონსტრანტების კატეგორიული მოთხოვნებია:

  • დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, რომლებიც სამართალდამცველებმა 20 ივნისს, საპროტესტო აქციის დარბევის პროცესში და შემდეგ დააკავეს;
  • დაისაჯოს ყველა ის სამართალდამცველი, ვინც ძალადობით გამოირჩეოდა აქციის დარბევისას;
  • არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით.

პარლამენტის შენობასთან პოზიციები დაიკავეს სპეცრაზმის წარმომადგენლებმა. მათ აქციის მონაწილეები შეხვდნენ შეძახილებით: "წადი, წადი".

ამ დროისთვის აქციაზე სიტყვით არ გამოდიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. გამომსვლელები ძირითადად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და აქტივისტები არიან.