ქუთაისელი ჩინოვნიკი აქციაზე დაზარალებულების უხამსად მოხსენიებისთვის მოხსნეს

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ნუგზარ ხუციბერიძე სამსახურიდან გათავისუფლებულია.

მისი დათხოვნის მიზეზი გახდა მისივე ფეისბუკ პოსტი, რომელშიც ის უხამსად მოიხსენიებს 20 ივნისის აქციის მონაწილეებს, რომლებსაც სპეცრაზმის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიები მოხვდათ.

აღნიშნული შინაარსის ფეისბუკპოსტები მან უკვე წაშალა, თუმცა სოციალურ ქსელში ვრცელდება ამ პოსტების სქრინები.

“რა უნდოდა, შტურმით რატომ იღებდა პარლამენტს, ასე რომ, სამწუხაროდ, ზოგს თვალში მოხვდა და ზოგს ტ...კში, არეულ ბრბოში ვერ განსაზღვრავ" - წერდახუციბერიძე.

გამოცემა “ქუთაისი პოსტი” წერს, რომ ხუციბერიძე ცნობილია მსგავსი შინაარსის საჯარო პოსტებით.

ქუთაისის მერიამ, მერის სახელით ხუციბერიძის საქციელის თაობაზე საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია:

“ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოზიცია, რომელიც მან გამოხატა საპოლიციო ოპერაციის დროს დაშავებული ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. მისი ეს პოზიცია სრულ წინააღმდეგობაშია საჯარო სამსახურის ეთიკასთან, რაც გახდა კიდეც ნუგზარ ხუციბერიძის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი”, - წერს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.