შსს: თიკა ჯამბურია თავისუფალია

შსს-ს ინფორმაციით მომღერალი თიკა ჯამბურია, რომელიც დედასთან ერთად ადმინისტრაციული წესით დააკავეს თბილისში, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავისუფალია.

„ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათ, რის გამოც მოხდა მათი დაკავება. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით (პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავა 1960 წელს დაბადებული ფ.ჯ. და 1991 წელს დაბადებული თ.ჯ.

რაც შეეხება დაკავებული ქალბატონების თანმხლებ არასრულწლოვანს, მან სურვილი გამოთქვა დარჩენილიყო დედასთან ერთად. ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით პოლიციამ არასრულწლოვანი დატოვა დედასთან. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორივე მოქალაქე ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებული არიან“,
- წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხელწერილით გათავისუფლების შემდეგ მომღერალი დაკავების განსხვავებულ ვერსიას წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე. მისი თქმით, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არც მას და არც მისი ოჯახის არც ერთ წევრს არ გაუწევია, ისინი საკუთარ ბინასთან, რომელიც რუსთაველის 1 ნომერში მდებარეობს მანქანის გაჩერებას ცდილობდნენ და ვინაიდან ამ ბინის მაცხოვრებლების პარკინგი "პანორამა თბილისის" მშენებლობის შემდეგ აღარ არსებობს, არასაპარკინგე ადგილებზე უწევთ ავტომობილების გაჩერება.

" ხშირად ყოფილა შემთხვევა რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის მიჩვენებია ჩემი პირადობა სადაც წერია ჩემი საცხოვრებელი მისამართი და ამის შემდეგ დაურთავთ ნება მანქანის გაჩერების .... მოკლედ დღეს მე, მამაჩემი, დედაჩემი, ჩემი და და ჩემი შვილი ნინა ვიჯექით უკვე დაქოქილ მანქანაში და მივდიოდით ჩვენს გზაზე, როდესაც ჩვენგან მოვიდა ახალგაზრდა გოგონა, პატრულის თანამშრომელი. დედაჩემმა დაიწყო პირადობის მოძიება ჩანთაში, რადგან როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ ეს ხერხი პირადობის და საცხოვრებელი სახლის ჩვენება "ჭრის." მოკლედ არ გვაცადა ამ გოგომ ახსნა რომ ეს ჩვენი სახლია, რომ აქ ვცხოვრობთ, რომ არ გვაქვს პარკინგი, რომ უკვე გავდივართ და დედაჩემს და ამ გოგონას შორის მოხდა შელაპარაკება სიტყვიერი. ამასობაში პატრულის მანქანიდან გადმოხტა მეორე თანამშრომელი ასევე ახალგაზრდა ბიჭი რომელიც პირველივე წამიდან იყო აგრესიული. არც მამაჩემის წინაშე მოერიდა უხეშ ლაპარაკა, (მამაჩემი გენერალია და ძალიან დიდი პატივისცემა აქვს ყველა პატრულის და პოლიციის თანამშრომელს მის მიმართ). მოკლედ ამასობაში შეიყარა ხალხი, ატყდა ერთი ამბავი. დედაჩემს გაუკეთეს ხელბორკილები ( დედას შაქარი აქვს ძალიან მძიმე ფორმებში. მისთვის არ შეიძლება ჭრილობა და დაბეჟილობები). ამაზე ნერვიულობით გადმოვხტი მანქანიდა და ვთხოვდი მისთვის ბორკილები მოეხსნათ. ეს ბიჭი რომლის სახელს შეგნებულად არ დავწერ იყო აგრესიული ... მოუვიდა შელაპარაკება ჩემთანაც და იმ წამსვე დამადო ხელ ბორკილები .... სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ქვეყნის კანონის და ღმერთის წინაშე რომ მე მათთვის არანაირი ფიზიკური შეურაცყოფა არ მიმიყენებია ...." - წერს მომღერალი, რომელიც ამბობს, რომ მისმა შვილმა მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო და ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდება.

რუსთაველის 1-ის ბინადრები "პანორამა თბილისის" წინააღმდეგ სასამართლოში დაობდნენ იმის დასამტკიცებლად, რომ მათ ამ მშენებლობით გარემოსთან მისაწვდომობის უფლება ეზღუდებოდათ. ეს ბრძოლა სამი ინსტანციის სასამართლოში წაგებით დასრულდა.