საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერად ფულად ჯილდოს – ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ. რეფორმის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების შემოსვლა.
ჯილდოს მიღების მოთხოვნით განაცხადის დაწერის უფლება აქვს საჯარო სკოლის იმ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც საპენსიო ასაკს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიაღწევს. პრაქტიკოსმა მასწავლებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და ფულადი ჯილდოს მიღების თაობაზე განცხადებით საჯარო სკოლის დირექტორს უნდა მიმართოს.
თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი ერთზე მეტ საჯარო სკოლაში ასწავლის, მაშინ ფულადი ჯილდოს აღების მიზნით ის ვალდებულია შრომითი ურთიერთობა შეწყვიტოს ყველა საჯარო სკოლასთან. ასეთ ამ შემთხვევაში ფულადი ჯილდო გამოითვლება თითოეულ საჯარო სკოლასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
თუ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებელი ფულადი ჯილდოს მიღების შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2 წლის განმავლობაში კვლავ გადაწყვეტს საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებას, ვალდებულია დააკმაყოფილოს შესაბამისი მოთხოვნები („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები) და დააბრუნოს ფულადი ჯილდო სრული ოდენობით.
ფულადი ჯილდო 2019 წლის განმავლობაში გაიცემა.
2019 წლის 31 მაისის მდგომარეობით, საჯარო სკოლებიდან შემოსული ინფორმაციის თანახმად, ჯილდოს მიღების სურვილი 1594 სკოლის 5600-ზე მეტმა მასწავლებელმა გამოხატა.