შვედეთი და ესტონეთი საქართველოს მხარდაჭერას უდასტურებენ

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგოტ ვალსტრომი

შვედეთი რჩება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულ მხარდამჭერად - ამის შესახებ ტვიტერზე წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგოტ ვალსტრომი.

"11 წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის შეჭრიდან. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ძალის ყოფნით გრძელდება საერთაშორისო სამართლის დარღვევა" - აღნიშნავს ვალსტრომი. შვედეთი რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმება.

რუსეთისგან საერთაშორისო სამართლის დაცვას მოითხოვს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ.

„11 წლის წინ რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, რუსეთმა გაზარდა სამხედრო ძალები ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, სადაც გრძელდება ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევა“ - წერს ტვიტერზე ურმას რეინსალუ.