ია კიწმარიშვილი „რუსთავი 2“-ზე: ნუ იყიდით სადავო ქონებას

ია კიწმარიშვილი

ია კიწმარიშვილი მოუწოდებს „რუსთავი 2“-ის პოტენციურ მყიდველებს, ნუ შეიძენენ სადავო ქონებას. ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის ქვრივმა ეს განცხადება გააკეთა 12 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მან შეიტანა სარჩელი ტელეკომპანიის წილის დაბრუნების მოთხოვნით.

„მინდა, მოვუწოდო პოტენციურ მყიდველებს, თავი შეიკავონ სადავო ქონების ყიდვისგან, რადგან ამ საქმეს ვაპირებ, რომ მივყვე ბოლომდე, იქნება ეს საქართველო თუ იქნება ეს სტრასბურგი... მე ჩემს ამოცანას ბოლომდე შევასრულებ“, - განაცხადა ია კიწმარიშვილმა.

ეროსი კიწმარიშვილის ქვრივის თქმით, ის უფლებამოსილია, „რუსთავი 2“-ის 30%-იანი წილი აბსოლუტურად კანონიერად მოსთხოვოს ტელეკომპანიის 100%-იანი წილის ამჟამინდელ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს.

ია კიწმარიშვილის თქმით, სასამართლოსთვის მიმართვის გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც შეიტყო ქიბარ ხალვაშის განზრახვის შესახებ - გაყიდოს ტელეკომპანია.

ეროსი კიწმარიშვილის ქვრივი აცხადებს ასევე, რომ გააკეთებს ყველაფერს, რაც კი შესაძლებელი იქნება, რომ სამართლიანობის აღდგენამდე არ მოხდეს „რუსთავი 2“-ის გასხვისება.