უშგულში მთავრობის ამოსვლას ითხოვენ

მოსახლეობამ უშგულში გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეები კოშკების რესტავრაციას ითხოვენ.

ივლისში უშგულში ჩაქსელიანების კოშკი ჩამოინგრა. სვანური კოშკების უდიდესი ნაწილი გადაუდებელ რესტავრაციას მოითხოვს. 400-ზე მეტი კოშკიდან ნახევარი უკვე დანგრეულია, ნახევარი კი სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს. ზოგი ავარიული ნაგებობა საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, რადგან კოშკებიდან ქვები პირდაპირ საცხოვრებელი სახლების სახურავებსა და ეზოებში ცვივა.

უშგულის მოსახლეობა ასევე ითხოვს სოფელში ზვავამრიდები დააყენონ. უშგულში კოშკების ნაწილი 1987 წელს სწორედ ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაინგრა.

დავით ხვიბლიანი: „ხელისუფლება არაფერს აკეთებს კოშკების აღსადგენად.ყველა კოშკსბზარები ეტყობა. ზვავამრიდები უნდა გაეკეთებინათ, რომ ზვავი არ წამოსულიყო, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ“.

ადგილობრივები დანგრეულიკოშკის აღდგენას, ასევე დანარჩენი კოშკების გამაგრებას ითხოვენ. მათი თქმით, კოშკებს სახურავები არა აქვს და სართულებიც ჩანგრეულია.

„დანგრევის პირასაა სვანური მაჩუბები, უნდა გადაიხუროს. ერთი კვირის წინ დაინგრა ჩაქსელიანების კოშკი, ორი წლის წინ - ჩარკვიანების კოშკი. ალბათ ორ-სამ წელიწადში უშგული ქვების გროვად იქცევა“. - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

აქციის მონაწილეები, ხელისუფლებას, პრემიერ მინისტრს სთხოვენ ამოვიდნენ უშგულში, შეისწავლონ მდგომარეობა და ზომები მიიღონ იმისთვის, რომ სვანეთის, საქართველოს კულტურა გადარჩეს.