ირანის ტანკერს გიბრალტარის დატოვების ნებართვა მისცეს

გიბრალტარის მთავარი მინისტრის ნათქვამზე დაყრდნობით, მედიამ ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ის მოთხოვნის მიუხედავად გიბრალტარის დატოვების ნებართვა მისცეს იქ ივლისის დასაწყისიდან დაკავებულ ტანკერს, რომელიც ირანს ეკუთვნის.

გიბრალტარის მედიის თანახმად, მთავრობამ გადაწყვიტა ტანკერის გაშვება მას მერე, რაც მიიღო დასტური თეირანიდან, რომ გემზე არსებულ ნავთობს სირიაში არ ჩატანდა. ამის საფუძველზე გიბრალტარის მთავარმა მინისტრმა, ფაბიან პიკარდომ მიიღო გადაწყვეტილება გაეუქმებინა გემის დაპატიმრების ორდერი და ნებართვა მისცა მას დაეტოვებინა გიბრალტარი. ამის თაობაზე ცნობა გაზეთმა „ქრონიკლმა“ გაავრცელა.

მას მერე, რაც გიბრალტარის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონს ბრალად დასდო მეკობრეობის მცდელობა, რათა ტანკერის განთავისუფლებისთვის ხელი შეეშალა. „აშშ-მა სცადა გამოეყენებინა სამართლებრივი სისტემა, რათა მოეპარა ჩვენი საკუთრება ღია ზღვაზე“, დაწერა ტვიტერში მოჰამად ჯავად ზარიფმა. "მეკობრეობის ეს მცდელობა [ აშშ-ის პრეზიდენტის] ტრამპის მხრიდან კანონის უგულებელყოფის დასტურია“, თვლის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

„გრეის 1-ის“ კაპიტანი და სამი ოფიცერი პატიმრობიდან გაანთავისუფლეს.

უფრო ადრე, 15 აგვისტოს, გიბრალტარის მთავრობამ გამოაცხადა, რომ „აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა შემოიტანა მოთხოვნა, რომ სურს კონფისკაცია „გრეის 1-ისა“ რამდენიმე ბრალდების გამო, რომლებსაც ახლა განიხილავენ“.

აშშ-ის განაცხადი შევიდა რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე გიბრალტარის მთავრობა უკვე უშვებდა ტანკერს, რომელიც ივლისის დასაწყისში დააკავეს, იტყობინებოდა გაზეთი „ქრონიკლი“ და მოჰყავდა სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ანტონი დადლის სიტყვები: აშშ-ის ქმედება რომ არა, გემი ახლა უკვე წასული იქნებოდაო.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყებამ განაცხადა, რომ "გამოძიება "გრეის 1-ის" გარშემო გიბრალტარის მთავრობის საქმეა".

ირანის ტანკერი 4 ივლისს დააკავეს გიბრალტარში ბრიტანეთის არმიის დახმარებით. „გრეის“-ს გადაჰქონდა ორ მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი და ხელისუფლებამ ეს აქტი სირიისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევად ჩათვალა. ირანი აცხადებდა, რომ ტანკერი საერთაშორისო წყლებში იყო და არ მიჰქონდა ნავთობი სირიაში. ინციდენტის ფონია თეირანსა და ლონდონს შორის დაძაბულობა.