საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე

სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის, კახა ქემოკლიძის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, მეჯვრისხევის მკვიდრი, იოსებ დვალიშვილი.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის და რა პირობებში მოხდა მისი დაკავება. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭომ მისი დაკავების შესახებ 18 აგვისტოს, გამთენიისას მიიღო.

შეგახსენებთ, 17 აგვისტოს საოკუპაციო ხაზთან, სოფლების - აძვისა და ახალუბნის სიახლოვეს, რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს საქართველოს შვიდი მოქალაქე. იოსებ დვალიშვილი საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მერვე მოქალაქეა.

მის გარდა დაკავებულები არიან გოგიტა ნასყიდაშვილი, ილია ბაინდურაშვილი, ოთო ელიაური, ზურა გერკეული, კობა ვარდანაშვილი, ილია მიღრიჯანაშვილი. ლაშა გერკეული.

დაკავებულთა ასაკი 18-დან 38 წლამდე მერყეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.