„დოიჩე ველე“: პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ დაუჭირა მხარი

„ქართველმა კანონმდებლებმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცეს ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარია. ის ცნობილია ანტისამთავრობო დემონსტრაციის სასტიკი დარბევით. აქციის მონაწილეები უმეტესად ახალგაზრდები იყვნენ“, - წერს გერმანული საერთაშორისო საზოგადოებრივი მაუწყებელი „დოიჩე ველე“ და კვირას, 8 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში გამართულ კენჭისყრას ეხმაურება, სადაც საქართველოს მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობა დაამტკიცეს.

გამოცემის თანახმად, „გახარიას ბევრი მიიჩნევს ივნისში ანტისამთავრობო დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივი შეტევის მთავარ არქიტექტორად“.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ გახარიამ ბრალდებების უაყოფა, რომ „მოსკოვის კაცი“ არ არის, სცადა შემდეგი სიტყვებით: -„ჩვენ ყველანი ვეთანხმებით, რომ ოკუპაცია არის ყველაზე დიდი პრობლემა, ყველაზე დიდი გამოწვევა, უდიდესი ბოროტება ჩვენს ქვეყანაში“, - მოჰყავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ციტატა „დოიჩე ველეს“.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია პარლამენტმა 98 ხმით დაამტკიცა.