აშშ ირანს აკისრებს პასუხისმგებლობას საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე14 სექტემბერს დრონებით განხორციელებულ იერიშებზე, რამაც საერთაშორისო პოლიტიკაში დეტონატორის როლი შეასრულა და ნედლი ნავთობის მიწოდების უდიდესი შეფერხება გამოიწვია მსოფლიოში.
შაბათს, ნავთობგადამამუშავებელ კომპანია „არამკოს“ (Aramco) ორ ქარხანაზე ჯერ კიდევ გათენებამდე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად, დღე-ღამეში 5 მილიონი ბარელით შემცირდა ნავთობის მოპოვება.
საუდის არაბეთის ნავთობმომპოვებელ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ იერიშებზე პასუხისმგებლობა აიღეს იემენში მოქმედმა, ირანის მიერ მხარდაჭერილმა, ჰუთიტმა მეამბოხეებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ იერიშში მონაწილეობდა 10 უპილოტო აპარატი. მაგრამ მსოფლიო მედიაში გაჩნდა აზრი, რომ თავდასხმა ირანის ან პროირანული ძალების მიერ იყო ორგანიზებული.
ბრალდების უფრო კონკრეტული ადრესატი ჰყავს ვაშინგტონს. აშშ-ის ოფიციალური პირები დარწმუნებული არიან, რომ 14 სექტემბრის თავდასხმის უკან დგას სწორედ ირანი და არა იემენში მოქმედი ჰუთიტი მეამბოხეების ჯგუფი.
„ირანმა განახორციელა უპრეცედენტო თავდასხმა ნავთობის მსოფლიო მომარაგებაზე“, - არაორაზროვნად აღნიშნა შაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ.
მაგრამ ირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
„ვგმობთ ამ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ და მიუღებელ განცხადებებს“, - განაცხადა 16 სექტემბერს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აბას მუსავიმ, სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლის დროს.
არაერთგვაროვანი საერთაშორისო რეაქცია
გამოძიება გრძელდება. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ორივე იერიშის დროს გამოყენებული იარაღი ირანისგან არის მიწოდებული.ტურკი ალ- მალიკი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მომხდარიდან მეორე დღეს, 15 სექტემბერს, თქვა, რომ აშშ მზად არის პასუხი გასცეს მსოფლიოს უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმას.
„საუდის არაბეთის ნავთობის რესურსებზე განხორციელდა თავდასხმა. გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ჩვენ ვიცით, ვინ არის დამნაშავე, მზად ვართ ვიმოქმედოთ მტკიცებულებების კვალობაზე, მაგრამ ველოდებით გავიგოთ საუდის არაბეთის სამეფოსგან, თუ ვინ არის, მათი აზრით, ამ თავდასხმის მიზეზი და რა პირობებით უნდა ვიმოქმედოთ“, - დაწერა ტვიტერში დონალდ ტრამპმა
Saudi Arabia oil supply was attacked. There is reason to believe that we know the culprit, are locked and loaded depending on verification, but are waiting to hear from the Kingdom as to who they believe was the cause of this attack, and under what terms we would proceed!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) September 15, 2019
ვაშინგტონისგან განსხვავებით, რომელმაც სწრაფად გაიშვირა თითი სავარაუდო დამნაშავისკენ, სხვა ქვეყნები თავშეკავებულ განცხადებებს აკეთებენ მანამ, სანამ მეტი ნათელი არ მოეფინება პირველად ინფორმაციას დრონებით განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შესახებ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა, თავდასხმა შეაფასა როგორც „საერთაშორისო სამართლის ნორმების უაზრო დარღვევა“, მაგრამ დასძინა, რომ „არ არის ბოლომდე ცხადი სურათი, თუ ვის ეკისრება მასზე პასუხისმგებლობა“.
ანალოგიურად, ჩინეთიც აცხადებს, რომ არ არის პასუხისმგებლიანი ნაბიჯი სხვების დადანაშაულება, „დამაჯერებელი მტკიცებულებებისა და სრულყოფილი გამოძიების“ გარეშე.
პანიკა საერთაშორისო ბაზარზე
თეირანი დგას საუდის არაბეთზე განხორციელებული თითქმის 100 თავდასხმის უკან, ეს მაშინ, როდესაც როჰანი [ირანის პრეზიდენტი] და ზარიფი [ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი] თავს იკატუნებენ, რომ ისინი დიპლომატიით არიან დაკავებული.მაიკ პომპეო
საუდის არაბეთის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით 15 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმის გამო, მსოფლიო ბაზარს დააკლდა ნედლი ნავთობის, დაახლოებით, 5 %, დღეში, დაახლოებით, 5,7 მილიონი ბარელი.
ბირჟებზე 16 სექტემბრს გამართულ ვაჭრობაზე ბრენტის მარკის ნედლი ნავთობის ფასი 10 %-ით გაიზარდა, ბარელზე 66,33 $-მდე, ხოლო ტეხასის „West Texas Intermediat“-ის მარკის ნავთის ფასი 15 %-ით გაიზარდა და შეადგინა 63.34$ ერთ ბარელზე.
საერთაშორისო ბაზრებზე პანიკის თავიდან აცილებისა და ნავთობზე ფასების ზრდის მოთოკვის მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განკარგულება გასცა გამოიყენონ ნავთობი სტრატეგიული რეზერვებიდან, ბაზრის მომარაგებისთვის საკმარისი მოცულობით.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს რეზერვში აქვს, დაახლოებით, 630 მილიონი ბარელი ნავთობი, რომლის ნაწილსაც წინა პრეზიდენტები ასევე იყენებდნენ კრიზისულ ვითარებაში, საწვავზე ფასის გაზრდის საშიშროების დროს.
საუდის არაბეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ დაზიანებული ნავთობის მოპოვების მესამედი 16 სექტემბერიდან მწყობრში შევა.
ირანი საპასუხო ზომებით იმუქრება
ყველამ უნდა იცოდეს, რომ ირანიდან 2000 კილომეტრის დაშორებით მდებარე ყველა ამერიკული ბაზა და მისი ავიამზიდი ჩვენი რაკეტების წვდომის ფარგლებში იმყოფებაამირალი გაჯიზადე
როდესაც თეირანისკენ იშვერენ თითს, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მიმართულება, საიდანაც განხორციელდა თავდასხმა, მიუთითებს იმაზე, რომ ინციდენტის უკან დგას ირანი. ხოლო იერიში, შესაძლოა, განხორციელდა ბალისტიკური რაკეტების და არა უპილოტო მფრინავი ობიექტების გამოყენებით, როგორც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთიტი მეამბოხეები აცხადებენ.
კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, რომ დრონებით იერიშები იემენის ტერიტორიიდან განხოციელებულიყოს.
მაიკ პომპეომ ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი, და საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი „ყალბი დიპლომატიური“ მეთოდების გამოყენებაში დაადანაშაულა.
„თეირანი დგას საუდის არაბეთზე განხორციელებული თითქმის 100 თავდასხმის უკან, ეს მაშინ, როდესაც როჰანი [ირანის პრეზიდენტი] და ზარიფი [ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი] თავს იკატუნებენ, რომ ისინი დიპლომატიით არიან დაკავებული“, - დაწერა ტვიტერში მაიკ პომპეომ.
Tehran is behind nearly 100 attacks on Saudi Arabia while Rouhani and Zarif pretend to engage in diplomacy. Amid all the calls for de-escalation, Iran has now launched an unprecedented attack on the world’s energy supply. There is no evidence the attacks came from Yemen.
— Secretary Pompeo (@SecPompeo) September 14, 2019
ირანის კვალს ხედავს შაბათის იერიშში იემენელი ჰუთიტი მეამბოხეების წინააღმდეგ საუდის არაბეთის ლიდერობით მოქმედი კოალიციაც.
„გამოძიება გრძელდება. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ორივე იერიშის დროს გამოყენებული იარაღი ირანისგან არის მიწოდებული“, - განუცხადა ჟურნალისტებს 16 სექტემბერს კოალიციის წარმომადგენელმა ტურკი ალ- მალიკიმ, რომელმაც დასძინა, რომ გამოძიება სწავლობს, „საიდან განხორციელდა იერიში“.
როგორც ზემოთ ითქვა, თეირანმა უარყო აშშ-ის ბრალდება და, მუქარის განხორციელების შემთხვევაში, ვაშინგტონს სამაგიეროს გადახდით დაემუქრა.
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ირანიდან 2000 კილომეტრის დაშორებით მდებარე ყველა ამერიკული ბაზა და მისი ავიამზიდი ჩვენი რაკეტების წვდომის ფარგლებში იმყოფება", - მოჰყავს ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის სარდლის, ამირალ გაჯიზადეს, სიტყვები ირანის ნახევრად ოფიციალურ სააგენტო „ტასიმს“.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აბას მუსავიმ, განაცხადა, რომ თეირანი მზად არის კიდევ უფრო შეამციროს თავის მიერ ბირთვული პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება.
როგორც ცნობილია, ირანმა უკვე გამოაცხადა თავისი ვალდებულებების სამ ეტაპად შემცირების თაობაზე მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა დატოვა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიღწეული საერთშორისო შეთანხმება და კვლავ შემოიღო მკაცრი ეკონომიკური სანქციები ირანის წინააღმდეგ.
"ვალდებულებების შემცირების პროცესის მესამე ეტაპი გრძელდება და მიმდინარეობს მზადება მეოთხე ეტაპისათვის“, - განაცხადა მუსავიმ.
აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე იერიში განხორციელდა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე.
იუწყებიან, რომ, მიუხედავად მზარდი საერთაშორისო დაძაბულობისა, თეთრმა სახლმა კარი ღია დატოვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჰასან როჰანის შესაძლო შეხვედრისათვის ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეაზე, რომელიც 17 სექტემბერს იწყება.
მაგრამ ამ ვარაუდს არ იზიარებს ირანი. „ჩვენ ამგვარ შეხვედრას არ ვგეგმავდით და საეჭვოა, რომ ნიუ-იორკში იგი შედგეს“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აბას მუსავიმ.
2015 წლის მარტიდან მოყოლებული, საუდის არაბეთის ლიდერობით მოქმედი კოალიცია ბრძოლას აწარმოებს ჰუთიტი მეამბოხეების წინააღმდეგ. ირანთან დაკავშირებული შიიტური დაჯგუფების კონტროლის ქვეშ იმყოფება იემენის დედაქალაქი სანა და ამ ყველაზე ღარიბი არაბული ქვეყნის სხვა ტერიტორიებიც.
მრავალი წელია, სამხედრო კონფლიქტის მოგვარება ჩიხშია შესული, საერთაშორისო კოალიციის თანახმად, სწორედ ირანის პოზიციის გამო, რომელიც ყოველმხრივ უჭერს მხარს ჰუთიტი მეამბოხეების ბრძოლას.
14 სექტემბრის საჰაერო იერიში მოწმობს, რომ ჰუთიტი მეამბოხეების შეიარაღებაში ჩნდება სულ უფრო მეტი თანამედროვე შეიარაღება - ბალისტიკური რაკეტებით დაწყებული და უპილოტო აპარატებით დამთავრებული. მსგავსი შეიარაღება, დასავლური მედიის თანახმად, რეალურ საფრთხეს უქმნის ნედლი ნავთობის წამყვანი ექსპორტიორი ქვეყნის, საუდის არაბეთის, ნავთობგადამამუშავებელ პოტენციალს.