ეკა კვესიტაძემ სასამართლოში გაასაჩივრა „რუსთავი 2“-დან გათავისუფლების ბრძანება

ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა, - იტყობინება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც ტელეწამყვანის ინტერესებს იცავს.

ეკა კვესიტაძე სამსახურიდან გაათავისუფლა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გათავისუფლების ბრძანების შინაარსი არ შეესაბამება შრომის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და დამსაქმებელი მისი გათავისუფლებისას არამართლზომიერად მოქმედებდა.

ეკა კვესიტაძე მოითხოვს გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურისა და იმ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, რაც „რუსთავი 2“-ს მის მიმართ აქვს.

პაატა სალიამ ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით სამსახურიდან გაათავისუფლა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები: ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი.