სახალხო დამცველი შემაშფოთებელს უწოდებს საქართველოში თვითმკვლელობის სტატისტიკას

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2019 წლის 6 თვის განმავლობაში თვითმკვლელობა სცადა 219 ადამიანმა, 207-მა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

2018 წელს საქართველოში სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი მოხდა.

ნინო ლომჯარია ამ სტატისტიკას შემაშფოთებელს უწოდებს. სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფო ფაქტობრივად, არ ახორციელებს პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებს და დღემდე არ დამტკიცებულა სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს სამოქმედო გეგმით, ჯერ კიდევ 2016 წლისთვის უნდა დაემტკიცებინათ.

10 ოქტომბერს მსოფლიო აღნიშნავს ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს, რომელიც წელს ფოკუსირებულია სუიციდის პრევენციაზე.