კობახიძის თქმით, თუ „ოცნებამ“ ვერ მოიპოვა მანდატების 45%, შესაძლოა, ხელახალი არჩევნები გახდეს საჭირო

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა 2020 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელახალი არჩევნების ალბათობის შესახებ.

„თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოიპოვა მანდატების 45% მაინც, შემდეგ პარლამენტში, სავარაუდოდ, კოალიციის შექმნა ძალიან გართულდება და შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს“, - ამბობს კობახიძე და ისრაელის მაგალითი მოჰყავს - „ანუ ჩვენ დაახლოებით მივიღებთ იმ შედეგს, რაც დღეს არის ისრაელში, როდესაც ორი არჩევნები ჩატარდა და გამომდინარე იქიდან, რომ არის რადიკალური სხვადასხვაობა მოსაზრებებში, თუ შეხედულებებში კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, დღემდე ვერ იკვრება კოალიცია ვერც ერთ და ვერც მეორე მხარეს. ანუ, მაღალია ალბათობა იმისა, რომ ასეთი შედეგი დადგეს და საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - იმ შემთხვევაში, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების მინიმუმ 45% არ მოაგროვა. თუმცა 45% და უფრო მაღალი შედეგიც საკმაოდ რეალურია“.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.