ბუდაპეშტმა დაბლოკა ნატოს განცხადება უკრაინის თაობაზე

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო

ბუდაპეშტმა დაბლოკა ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადება უკრაინის თაობაზე. ამის შესახებ განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ.

მინისტრის თქმით, განცხადების მზადების პროცესში ბუდაპეშტმა წამოაყენა რამდენიმე წინადადება, რომლებიც უკრაინას დაავალდებულებდა, ყურადღება მიექცია უნგრული თემის უფლებებისთვის კარპატისპირეთში. მაგრამ ეს წინადადებები არ იქნა მიღებული. ამის შედეგად უნგრეთმა დოკუმენტს ვეტო დაადო. „ჩვენ არ ვართ მზად, მსხვერპლად შევწიროთ დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები 150 ათასი ეთნიკური უნგრელის ინტერესები“, აღნიშნა სიიარტომ.

ნატოს განცხადების დაბლოკვა დაემთხვა უნგრეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტის დღეს. ის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდება.

ბუდაპეშტსა და კიევს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც უკრაინამ მიიღო კანონი ენის შესახებ. ერთადერთ სახელმწიფო ენად იქცა უკრაინული. უნგრეთმა შიში გამოთქვა, რომ ახალმა კანონმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კარპატისპირეთში უნგრული უმცირესობის უფლებებს.