ქართველი მძღოლი, რომელიც გუშინ, 4 ნოემბერს, საბერძნეთში არალეგალი მიგრანტების გადაყვანისთვის დააკავეს, პოლიციაში იკითხება, იუწყება „სქაი ნიუსი“. მედიის ცნობით, 8 მიგრანტი სუნთქვითი პრობლემებით საავადმყოფოშია გადაყვანილი, გარდიანის თანახმად კი ჰოსპიტალიზებულია 7 ადამიანი.
საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ მანქანა-მაცივარში დამალული მიგრანტები, რომლებიც ევროკავშირში შეღწევას ცდილობდნენ, სირიიდან, ირანიდან და ავღანეთიდან არიან. მათგან 6 არასრულწლოვანია.
გარდიანის თანახმად, საბერძნეთის პოლიციამ სატვირთო ავტომობილის ქართველი მძღოლი დააკავა, რომელსაც 41 არალეგალი მიგრანტი გადაჰყავდა.
შემთხვევა საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ქსანთისთან მოხდა. გამოცემის ინფორმაციით, 40 წლის ქართველ მძღოლს მიგრანტები მანქანა-მაცივრის მეშვეობით გადაჰყავდა. მაცივარი გაფუჭებული იყო. პოლიციამ მიგრანტები ავტომობილის შემოწმების დროს აღმოაჩინა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.