სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბიუ-ბიუს ქათმის დამარინადებულ ფილეში სალმონელა აღმოჩნდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება რესტორანში „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“ 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ.

სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, იმავე დღეს არაგეგმური ინსპექტირება ჩაატარდა ბიზნესოპერატორთან. ლაბორატორიული კვლევისთვის სურსათის ნიმუშებად აიღეს:

1) უკრაინული ქათმის ბარკალი;

2) „ბიუ-ბიუს“ ქათმის ფრთები (ნახევარფაბრიკატი);

3) „ბიუ-ბიუს“ ქათმის ფილე დამარინადებული.

როგორც სააგენტო იტყობინება, მათ წარმოების, დისტრიბუციის და რეალიზაციის ყველა ეტაპი შეამოწმეს.

„ლაბორატორიული კვლევის შედეგად ქათმის დამარინადებულ ფილეს ნიმუშში, რომლის მწარმოებელია შპს „ჩირინა“(ბიუ-ბიუ) და დისტრიბუტორია შპს „ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“, გამოვლინდა სალმონელა.

მიკრობიოლოგიური დარღვევა ასევე გამოვლინდა უკრაინული ქათმის ბარკლის ნიმუშში (მწარმოებელი „Processing Complex“ უკრაინა, დისტრიბუტორი შპს „სანი“)“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ლაბორატორიული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, 25 ოქტომბერს რესტორანი „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“ კიდევ ერთხელ, არაგეგმურად შეამოწმეს. შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობების გამო მას საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

როგორც სააგენტო იტყობინება, შემოწმდა ის სურსათის მაღაზიაც (თბილისი, გლდანი I მიკრორაიონი, მე-2 კორპ.), სადაც ზემოაღნიშნულმა რესტორანმა ნედლი ქათმის ფილე შეიძინა. სარეალიზაციო ობიექტს გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი და 1000 ლარით დაჯარიმდა.

სააგენტოს ცნობით, ბოლო ეტაპზე, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შემოწმდა შპს „ჩირინა“ (ფრინველთა სასაკლაო) და სადისტრიბუციო კომპანია „ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“, სადაც ლაბორატორიული კვლევის შედეგად, აღებული ხუთი ნიმუშიდან, ოთხ მათგანში სალმონელა გამოვლინდა.

კომპანიებს დაევალათ ბაზრიდან სურსათის ამოღება და შემდგომი მოკვლევისა და რეაგირების მიზნით, საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა.