რუსეთის დუმის მიერ მიღებული კანონპროექტი შესაძლებელს ხდის კერძო პირების „უცხოეთის აგენტებად“ ცნობას

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე წაკითხვით მიიღო კანონპროექტი, რომელიც შესაძლებელს ხდის კერძო პირების „უცხოეთის აგენტებად“ ცნობას. დოკუმენტს 311-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ოთხმა თავი შეიკავა.

შესწორებების თანახმად, „უცხოეთის აგენტებად“ შეიძლება მიჩნეულ იქნენ ფიზიკური პირები, რომლებიც ავრცელებენ „უცხოეთის აგენტებად“ ცნობილი მედიის მასალებს, ან მონაწილეობენ მის შექმნაში, ასევე ფულს ან ქონებას იღებენ უცხოეთიდან ან რუსეთის იურიდიული პირებისგან, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან.

ინიციატივის ავტორმა, სახელმწიფო დუმის საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ ლევინმა დააზუსტა, რომ „თუკი ფიზიკური პირი წერს და ავრცელებს მასალებს კულტურის, სპორტის ან მუსიკის შესახებ, ასეთი თანამშრომლობა დიდი ალბათობით არ შეიცავს უცხოეთის აგენტების სიაში შეყვანის რისკს.“ მაგრამ თუკი ადამიანი წერს მასალებს, რომლებიც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებასთანაა კავშირში, ასეთი რისკი საკმარისად მაღალია. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ამას იუსტიციის სამინისტრო განსაზღვრავს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, განაცხადა ლევინმა.

რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი 2012 წელს მიიღეს. ნებისმიერი არაკომერციული ორგანიზაცია ან საზოგადოებრივი მოძრაობა შეიძლება შეყვანილ იქნეს „აგენტების“ სიაში, თუკი ის ფინანსურ მხარდაჭერას იღებს უცხოეთიდან და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა. კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც დგინდება ასეთი საქმიანობა, კანონში არ არის მკაფიოდ განსაზღვრული. რეესტრში მოხვედრილმა ორგანიზაციებმა პერიოდულად უნდა წარმოადგინონ ანგარიში საკუთარი ფინანსური საქმიანობის შესახებ, ასევე უნდა მიუთითონ ინტერნეტსა და მთელს მედიაში, რომ ისინი „უცხოეთის აგენტები“ არიან. დარღვევას შეიძლება მილიონობით რუბლის ოდენობის ჯარიმა მოჰყვეს.

2017 წლის ნოემბერში რუსეთმა მიიღო კანონი, რომელიც შესაძლებელს ხდის, „უცხოეთის აგენტებად“ იქნენ მიჩნეული მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას. იუსტიციის სამინისტრომ „უცხოეთის აგენტების“ სიაში შეიყვანა ათი მედიასაშუალება, მათ შორის „ამერიკის ხმა“ და რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ „უცხოეთის აგენტი მედიასაშუალებების შესახებ კანონი“ არის „სარკისებრი ანარეკლი“ აშშ-ის კანონმდებელთა მოთხოვნებისა, რომლებსაც ისინი უყენებენ რუსულ ტელეარხ Russia Today-ს.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტის, ჯეიმი ფლაის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლების მოქმედება „პოლიტიკურად არის მოტივირებული“. ფლაის თქმით, „მცდარია ნებისმიერი ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ჩვენ ან ჩვენი ჟურნალისტები რომელიმე მთავრობის აგენტები ვართ“, განაცხადა ფლაიმ.